2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა.
აბიტურიენტებმა წლევანდელი ეროვნულების ბოლო გამოცდა ფიზიკაში ჩააბარეს .
ასევე ქიმიის გამოცდით დასრულდა პედაგოგების გამოცდებიც.
რუსთავის საგამოცდო ცენტრში ფიზიკის გამოცდაზე 9 აბიტურიენტი არ გამოცხადდა, რაც შეეხება პედაგოგებს ქიმიის გამოცდაზე 2 გამოსაცდელი არ მივიდა.
შეგახსენებთ წელს გამოდებისთვის 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი.
“წლევანდელმა გამოცდებმა, ვფიქრობ, წარმატებით ჩაიარა, რაც ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის ორგანიზებაში ჩართული თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა. ნაშრომების გასწორება უკვე დაწყებულია. შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს დასაწყისიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველადი შედეგებით დაიწყება. რაც შეეხება სხვა საგნებს, შედეგები ეტაპობრივად, გასწორების დასრულებისთანავე გახდება ცნობილი. გამოსაცდელი მიღებული ქულისა და საკუთარი ნაშრომის ნახვას შეძლებს ვებგვერდზე: online.naec.ge.
კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო აბიტურიენტებს, რომ მათ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. ამიტომ მინდა ვთხოვო მათ, კიდევ ერთხელ ყურადღებით გადახედონ საკუთარ არჩევანს და, სურვილის შემთხვევაში, შეიტანონ ცვლილება პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ცვლილებები შენახვის ღილაკის გამოყენებით დაიმახსოვრონ,“ – აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი.
საქართველოს მასშტაბით 2024 წელს გახსნილი იყო სულ 24 საგამოცდო ცენტრი. გამოცდებისათვის 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის – ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის – 3 000-ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, მასწავლებლის გამოცდისათვის კი 18 900-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი.