თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობა გაგრძელდება

თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობა გაგრძელდება – მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. საპროექტო სამუშაოები მაგისტრალის ფონიჭალის მონაკვეთს შეეხება და მისი ღირებულება 5.5 მილიონი ლარი იქნება.

 

საპროექტო სამუშაოები ფონიჭალის 3.3-კილომეტრიან მონაკვეთს უნდა შეეხოს, რომლის მშენებლობაც 2019 წელს შეჩერდა, ფონიჭალის მოსახლეობის პროტესტისა და წინა სამშენებლო პროექტის გაუმართაობის გამო.

მთავრობამ მშენებლობისშეჩერებიდან  5 წლის გასვლის შემდგომ გამოაცხადა ტენდერი პროექტირების განახლებისთვის.

 

არსებული სიტუაციით თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზა იყოფა სამ ნაწილად:

 

I მონაკვეთი – თბილისიდან მარნეულის გადასახვევამდე;

II მონაკვეთი – მარნეულის გადასახვევიდან ფონიჭალამდე;

III მონაკვეთი – ფონიჭალიდან რუსთავამდე.

 

“I და III მონაკვეთებზე, რომელთა საერთო სიგრძე ჯამში შეადგენს 10.8 კმ-ს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა გზის მოდერნიზაციის სამუშაოები.

 

II მონაკვეთი გადის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე (ფონიჭალის მონაკვეთი, სიგრძე დაახლოებით 3.3 კმ) და მისი გამტარუნარიანობა დღის განმავლობაში შეადგენს მხოლოდ 7000-ს. აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილდებიან დიდი გაბარიტის მქონე მანქანები, რაც პიკის საათებში ართულებს საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-4) გზის გამართულად ფუნქციონირებას. I და III მონაკვეთების დაკავშირება ავტომაგისტრალით მნიშვნელოვანია ტვირთბრუნვის გასაზრდელად, კომფორტულად გადაადგილებისთვის, ხმაურის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დისკომფორტის თავიდან ასარიდებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოიკვეთა თბილის-რუსთავის გზის II მონაკვეთის მოდერნიზების აუცილებლობა I კატეგორიის 4 ზოლიანი გზით. თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის II მონაკვეთის პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს I და III მონაკვეთების პარამეტრები და საპროექტო გადაწყვეტები უნდა ესადაგებოდეს მათ,”- ნათქვამია დოკუმენტაციაში.

 

თბილისი-რუსთავის მაგისტრალის პროექტი 2014 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაიწყო და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდებოდა. გზის პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობა დასრულებულია. სამუშაოებზე 184 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა.

 

მეორე მონაკვეთის მშენებლობა კი 2019 წლიდან შეჩერებულია, ამასთან ერთად ცნობილი გახდა 2021 წლის ოქტომბერში, პროცესის გაჭიანურების გამო დონორმა ორგანიზაციამ, აზიის განვითარების ბანკმა, აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობისთვის შესაბამის სასესხო განაცხადის დახურვა მოითხოვა.

საერთო ჯამში, თბილისი-რუსთავის ახალი მაგისტრალი 17.4 კილომეტრზე იყო დაგეგმილი.

მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ პროექტი ფონიჭალის მოსახლეობასთან ერთად კონსულტაციით განხორციელდება.

ასევე ლაშა ხუციშვილის განცხადებით პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.