აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე სამწუხაროა, რამდენადაც არ პასუხობს ჩვენს მოლოდინებს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასეთი გადაწყვეტილებები ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით კონტრპროდუქტიულია.
ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალში გადაიდგმება პრაგმატული, რაციონალური, სწორი, სამართლიანი ნაბიჯები, რაც ხელს შეუწყობს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას.
პრემიერი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე გამოეხმაურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეზე თავდასხმას.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ლიბერალურ-ფაშისტური პატარა გამოხტომის მიღმა იდგა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯის“ ლიდერი, ვინმე ჩხობაძე და აპროტესტებდა იმ კანონის მიღებას, რომლის საფუძველზეც საკუთარი შავი ფულის გასაჯაროება მოუწევს. პრემიერ-მინისტრმა ყველას მოუწოდა, მოთოკონ ემოციები და შეეგუონ გამჭვირვალობას, რომელიც ერთ-ერთი საკვანძო ევროპული პრინციპია.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა პირველი ორი კვარტლის განმავლობაში დაფიქსირებულ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, რამაც მთავრობას ბიუჯეტის 519 მლნ ლარით გაზრდის შესაძლებლობა მისცა. პრემიერმა ხაზი გაუსვა ეროვნული ვალუტის სტაბილურობას ეკონომიკისთვის და აღნიშნა, რომ მოკლევადიანი რყევის შემდეგ, სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და ეფექტიანი მართვის პოლიტიკის წყალობით, ლარის კურსი მალე დაუბრუნდა პირვანდელ ნიშნულს, შესაბამისად, არსებობს ყველანაირი წინაპირობა, რომ წელს ქვეყანას შარშანდელზე უკეთესი ეკონომიკური მაჩვენებლები ჰქონდეს.
ვრცლად იხილეთ: https://www.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=596&info_id=89006