მსოფლიოს ჩემპიონი, ნუგზარ წურწუმია გარდაიცვალა

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი, ნუგზარ წურწუმია გარდაიცვალა

 

ცნობილი ქართველი მოჭიდავე 1997 წელს დაიბადა. მისი სპორტული კარიერა არაერთ გამარჯვებას ითვლის. 2019 წელს 55 კგ წონით კატეგორიაში მან მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა, 2022 წელს კი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. არის მსოფლიოს პირველობის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი.

 

ქართველმა მოჭიდავემ 2022 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა; 2018, 2020 და 2023 წელს კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა.

 

ახალგაზრდა სპორტსმენი 23-წლამდელებს შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის კი მსოფლიოს პირველობის ვიცე-ჩემპიონი, ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი და ბრინჯაოს მედლის მფლობელია. ნუგზარ წურწუმია არაერთი საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი იყო. 2019 წელს ის ძალოსან ლაშა ტალახაძესთან, ძიუდოისტ ლუხუმ ჩხვიმიანთან, მოჭიდავეებთან – გენო პეტრიაშვილთან, ბექა ლომთაძესა და ლაშა გობაძესთან ერთად საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.