ოლიმპიურმა კომიტეტმა საფრანგეთის რკინიგზაზე შექმნილი ქაოსისა და უამინდობის გამო ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი პრეს-კონფერენცია გააუქმა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საფრანგეთის რკინიგზაზე შექმნილი ქაოსისა და ცუდი ამინდის გამო ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი პრეს-კონფერენცია გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებს პრეს-კონფერენციის გაუქმების ზუსტი მიზეზი არ დაუსახელებიათ, ნათელია, რომ რკინიგზაზე შექმნილმა ქაოსმა მათ გეგმებში კორექტივები შეიტანა.

საფრანგეთის ჩქაროსნულ რკინიგზაზე პარასკევს მასშტაბური საბოტაჟი განხორციელდა. ერთ-ერთი ვერსიით, კოორდინირებული აქტების მიზანი პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიისთვის მატარებლების მოძრაობისთვის ხელის შეშლა იყო. როგორც საფრანგეთის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიაში განაცხადეს, მატარებლების მოძრაობა შეფერხდა ატლანტის, ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის ჩქაროსნულ სარკინიგზო ხაზებზე.