საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, რუსთავის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით იზრდება და აღნიშნული თანხით, რუსთავის მერია 70 ერთეული სატრანსპორტო საშუალების შესაძენად, ტენდერს დღეს გამოაცხადებს. ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ნინო ლაცაბიძის განცხადებით, დამატებით 70 ახალი ავტობუსის შეძენით, რუსთაველების ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა მოგვარდება. ტენდერის დასრულების შემდეგ შემოდგომიდან, რუსთავი-თბილისის მიმართულებით, თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა, შშმ პირებზე სრულად ადაპტირებული მუნიციპალური ტრანსპორტი, დედაქალაქში უკვე ბასლაინზე იმოძრავებს.
,, ათასობით რუსთაველის პრობლემა გადაწყვეტილია, რუსთაველები თბილისის მიმართულებით კომფორტული მუნიციპალური ტრანსპორტით იმგზავრებენ. პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის ძალიან დიდი თანადგომით და ჩვენი საპარლამენტო გუნდის წევრების ალექსანდრე დალაქიშვილისა და ირაკლი შატაკიშვილის მხარდაჭერით, რუსთავის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით იზრდება. ეს კი ჩვენი ქალაქისთვის ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხის მოგვარების შესაძლებლობას გვაძლევს, როგორიცაა რუსთავი-თბილისის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებების შეძენა. საკითხი, რომელზეც საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან ერთად, რუსთავის მერიის გუნდი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვმუშაობდით, წარმატებით დასრულდა. შემოდგომიდან, რუსთაველებს, დედაქალაქის მიმართულებით, კომფორტულად და შეუფერხებლად მგზავრობის შესაძლებლობა ექნებათ. ჩვენ დღეს ვაცხადებთ ტენდერს, რის შემდეგაც უკვე გვექნება შესაძლებლობა ათასობით რუსთაველს, რუსთავის მერიამ მთელ გუნდთან ერთად, კიდევ უფრო გაუმჯობესებული სერვისი შევთავაზოთ სატრანსპორტო მიმართულებით. ჩვენ თვეების განმავლობაში ვმუშაობდით თბილისის მერიასთან, რისთვისაც მე მინდა მადლობა ვუთხრა მათ. რუსთავის ბიუჯეტის 20 მილიონი ლარით გაზრდა, მთავრობის განკარგულებით მოხდა, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ მინისტრს, იმისთვის, რომ რუსთაველებისთვის წლების განმავლობაში მოუგვარებელი საკითხის გადაჭრის შესაძლებლობა მოგვცა”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი, რუსთაველებს დედაქალაქში რამდენიმე მარშრუტზე გადაიყვანს და ბასლაინზე იმოძრავებს, რაც მგზავრების შეუფერხებლად გადაყვანის კიდევ ერთი გარანტი იქნება. მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმა, რომელიც რუსთავის მერიამ 2022 წელს დაიწყო, წარმატებით გრძელდება და მოსახლეობისთვის მიცემული კიდევ ერთი პირობა-დედაქალაქის მიმართულებით კომფორტული მგზავრობის უზრუნველყოფა, ფაქტობრივად შესრულებულია.