საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს საკუთარი კლუბები ამხნევებენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს საკუთარი კლუბები ამხნევებენ. ერთ-ერთმა პირველმა მხარდაჭერის პოსტი გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ დადო.

„ტურნირი, რომლითაც უნდა იამაყო. ყოჩაღ, გიორგი“, – ვკითხულობთ კლუბის X-ის გვერდზე.

ევრო 2024-ზე საქართველოს მიერ ნაჩვენებ ისტორიულ შედეგზე წერს გიორგი ქოჩორაშვილის კლუბიც.

„საქართველოს ისტორიული შედეგი გიორგი ქოჩორაშვილთან ერთად. თქვენ შექმენით ისტორია“, – წერს საფეხბურთო კლუბი ლევანტე FACEBOOK-ის გვერდზე.

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს მეოთხედფინალში გასვლას ულოცავს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ და იმავდროულად საკუთარი გოლკიპერის გამორჩეულ თამაშზეც საუბრობს.

„გიორგი მამარდაშვილის გამოსვლა ევრო 2024-ზე სრულდება. გვინდა მივულოცოთ მას შესანიშნავად ჩატარებული ტურნირი, რითაც თავისი ქვეყნის ისტორიაში შევიდა“, – ნათქვამია X-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

სპეციალური პოსტი მიუძღვნა კლუბის ფეხბურთელს, ოთარ კაკაბაძეს „კრაკოვიამაც“.

„პატივისცემა ოთარ კაკაბაძეს“, – ვკითხულობთ პოლონური საფეხბურთო კლუბის FACEBOOK გვერდზე.