საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა

სერბეთი 17 და 20 წლამდე ასაკის მოჭიდავეებს შორის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულა.

ევროპის ჩემპიონობა იზეიმა ცნობილი მოჭიდავის – გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ, კონსტანტინე პეტრიაშვილმა (92 კგ). მან ფინალში ბერძენი მეტოქე დაამარცხა. ვიცე-ჩემპიონი ნიკოლოზ მაისურაძე (80 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი მათე ცინაძე (51 კგ) და რატი რევაზაშვილი (65 კგ) დაეუფლნენ.

სერბეთში მიმდინარე ტურნირი ისტორიული აღმოჩნდა ქართველი ქალი მოჭიდავეებისთვის – მირანდა კაპანაძე (57 კგ) პირველი ქართველი ქალი მოჭიდავეა, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა.

ქართველი მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.