საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით უზბეკეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით უზბეკეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა
10-11 ივლისს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო უზბეკეთის კულტურის დღეებს მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც კულტურული ღონისძიებები გაიმართება.
10 ივლისს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში უზბეკეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, უზბეკეთის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ბახოდირ ახმედოვი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი,
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი,
საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა სეფაშვილი,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე,
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური,
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ჯემალ ფუტკარაძე, უზბეკეთის დელეგაციის წევრები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ორკესტრმა უზბეკეთის დამსახურებული არტისტის, კამოლიდინ ორინბოევის, დირიჟორობით უზბეკური ნაწარმოებები შეასრულა და მაყურებელს შესთავაზა ქართული კომპოზიციებიც: „სულიკო“, „მხედრული“, „თბილისო“, „არგო“ და სხვ. კონცერტის მონაწილეებს შორის იყვნენ უზბეკეთის სახალხო არტისტი აბდუჰოშიმ ისმაილოვი, უზბეკეთის დამსახურებული ხელოვანი ჰიოს არაბოვი, უზბეკეთის სახალხო არტისტი მუნოჟატ იულჩიევა, სახელმწიფო პრიზის, „ზულფიას“, ლაურეატი ზულხაიო რაიმკულოვა და სხვ.
უზბეკური კულტურის დღეების პროგრამით საქართველოს სტუმრობს მუსიკოსთა და კინოხელოვანთა დელეგაცია უზბეკეთის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის, ბახოდირ ახმედოვის, ხელმძღვანელობით.
მინისტრის პირველ მოადგილეს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. დაგეგმილია დელეგაციის წევრთა შეხვედრები საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებთან.
უზბეკეთის კულტურის დღეების პროგრამით 11 ივლისს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში უზბეკური კინოფილმების ჩვენება გაიმართება. მაყურებელი ნახავს სამ ცნობილ უზბეკურ ფილმს, რომლებიც უზბეკეთის ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.
კინოჩვენებების განრიგი ასეთია:
12:00 – „ლოდინი“ (რეჟ. ჯახენგირა ახმედოვა);
16:00 – „რეისი 101“ (რეჟ. არკომ შახნაზაროვი);
18:00 – „ცვლილება“ (რეჟ. ელკინ ტუიჩიევი).
კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა.
უზბეკი ხელოვანები სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონს“ ესტუმრებიან. სტუმარ-მასპინძელი ერთმანეთს თავის შემოქმედებით გამოცდილებას გაუზიარებს.