გასულ კვირას, ანიმაციური კინოსურათი Inside Out 2 მიმდინარე წლის პირველი ფილმი გახდა, რომლის შემოსავალმაც სალაროებში $1-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა. ოთხშაბათის მონაცემებით კი, Pixar-ის ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმიც გახდა.
Box Office Mojo-ს თანახმად, გლობალურად სალაროებში Disney-სა და Pixar-ის ანიმაციური კინოსურათის შემოსავალმა $1.25 მილიარდს მიაღწია, მათ შორის მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში $543.5 მილიონი გამოიმუშავა. შედეგად, The Hollywood Reporter-ის მონაცემებით, Inside Out-ის მეორე ნაწილი Pixar-ის ყველაზე შემოსავლიან და ყველა დროის მეოთხე ყველაზე შემოსავლიან ანიმაციურ ფილმად იქცა.
ფილმი გამოსვლის დღიდან სალაროებში პირველ ადგილს იკავებს. Inside Out 2 გახდა მიმდინარე წლის ყველაზე შემოსავლიანი პრემიერაც – გახსნის პირველ შაბათ-კვირას ანიმაციამ $155 მილიონი გამოიმუშავა.
ანიმაციურ ფილმებს შორის ამ დროისთვის ყველაზე შემოსავლიანად Frozen-ის მეორე ნაწილი რჩება რჩება – $1.45 მილიარდით, მეორე ადგილზეა The Super Mario Bros. Movie ($1.36 მილიარდი) და Frozen-ი ($1.29 მილიარდი). რაც შეეხება Inside Out-ის პირველ ნაწილს, ფილმი 2015 წელს გამოვიდა და მსოფლიო მასშტაბით $857.6 მილიონი გამოიმუშავა.
გარდა ამისა, Inside Out 2, ბოლო ორი წლის განმავლობაში სულ მესამე ფილმი გახდა, რომლის შემოსავალმაც $1 მილიარდს გადააჭარბა. გასულ წელს მსგავსი მაჩვენებელი Barbie-იმ, პრემიერიდან პირველ 17 დღეში და The Super Mario Bros. Movie-იმ 26 დღეში დააფიქსირა. Barbie-ის საბოლოო შემოსავალმა $1.4 მილიარდი, The Super Mario Bros. Movie-ისამ კი – $1.36 მილიარდი შეადგინა.