საქართველოს წყალში მხტომელთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა. ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ოთხი საგზური მოიპოვეს, რაც ქართული წყალში ხტომის ისტორიაში უპრეცედენტო შედეგია. მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს ღირსებას მარიამ შანიძე, თეკლა შარია, გიორგი წულუკიძე და ალექსანდრე ცხომელიძე დაიცავენ.
კონტინენტის პირველობაზე 14 წლის ალექსანდრე ცხომელიძემ 3 მეტრი ტრამპლინიდან ხტომაში 396,35 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ იუნიორებს შორის ევროპის ჩემპიონატზე ქართველი მხტომელი ხუთ საუკეთესო სპორტსმენს შორის პირველად მოხვდა.
ალექსანდრე ცხომელიძემ და გიორგი წულუკიძემ 3 მეტრი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომაში მერვე ადგილი დაიკავეს, თეკლე შარიამ და მარიამ შანიძემ კი შარშანდელი შედეგი გააუმჯობესეს და 3 მეტრი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომაში 219,84 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავეს.
მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურების რაოდენობით საქართველო დიდი ბრიტანეთის, იტალიის, გერმანიისა და უკრაინის შემდეგ მეხუთე პოზიციაზეა.