რუსთავში, გრიგოლ ხანძთელის სახელობის ქუჩაზე, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო

ნინო ლაცაბიძე – სარეაბილიტაციო სამუშაოები გამწვანების აქციით დავასრულეთ ხანძთელის ქუჩაზე, სადაც დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტიც შეუფერხებლად იმოძრავებს. ეს მოსახლეობის მოთხოვნა იყო და მიხარია, რომ გუნდის მხრიდან დადებული კიდევ ერთი პირობა შევასრულეთ
რუსთავში, გრიგოლ ხანძთელის სახელობის ქუჩაზე, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო. 11 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე, სადაც საავტომობილო გზა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, დღემდე არ არსებობდა, ასფალტის საფარი დაიგო. მოწყობილია ტროტუარები, ბირდიურები და გარე განათება, განახლებულია სანიაღვრე ქსელიც.
პროექტს მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დატვირთვა აქვს. ხანძთელის ქუჩის მოსახლეობა, დღეიდან, მუნიციპალური ტრანსპორტით სრულყოფილად ისარგებლებს.
ახალი გზა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებმა გახსნეს.
მოგვიანებით, ხანძთელის ქუჩაზე გამწვანების აქციაც მოეწყო და ახლადრეაბილიტირებულ ქუჩაზე, სხვადასხვა სახეობის 100-ზე მეტი ნერგი დაირგო.
გრიგოლ ხანძთელის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 477 405 ლარით დაფინანსდა.