საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებლის ხათუნა ხუნდაძის მოწვევით, ფესტივალს მთავარი საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვია თანამედროვე მთამსვლელობის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ცოცხალი ლეგენდა რაინჰოლდ მესნერი.
ცნობილ მთამსვლელს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, იოსებ ბაღათურიამ, უმასპინძლა. მათ მესტიის საერთაშორისო ფესტივალისა და საქართველოში მთამსვლელობის ხელშეწყობის შესახებ ისაუბრეს.
რაინჰოლდ მესნერი მთის თემატიკაზე შექმნილი ფილმების რეჟისორი და პროდიუსერიც არის. 2022 წელს მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა სწორედ მისი ფილმით – „არავის მიწა“, წელს კი მე-4 ფესტივალი გაიხსნება მესნერების ოჯახის საიდუმლოებით მოცული ტრაგედიის შესახებ „არტეს“ მიერ გადაღებული ფილმით „ნანგა პარბატი – ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი მთა“. 25 ივლისს ფესტივალზე გაიმართება რაინჰოლდ მესნერის მასტერკლასიც.
სამხრეთ ტიროლში დაბადებულმა იტალიელმა რაინჰოლდ მესნერმა ჯერ ალპებში, შემდეგ კი მსოფლიოს ურთულეს მწვერვალებზე მარტო და ჟანგბადის გარეშე ასვლის ტრადიცია დაამკვიდრა. ის პირველი ადამიანია, რომელიც მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე, ევერესტზე, მარტო ავიდა. ასევე პირველმა მეწყვილე პიტერ ჰაბელერთან ერთად მწვერვალი ჟანგბადის გარეშე დაიპყრო. ის არის პირველი ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს 14-ვე 8000-იანი მწვერვალი დალაშქრა, თანაც მათი ნაწილი სრულიად მარტომ და ჟანგბადის გარეშე. მის სახელს უკავშირდება მსოფლიოს ყველა კონტინენტის უმაღლესი მწვერვალის დაპყრობა. 30 წლის მანძილზე მან 3 500-ჯერ დალაშქრა სხვადასხვა მწვერვალი.
მოგვიანებით რეინჰოლდ მესნერმა გადაწყვიტა, უდაბნოები გადაელახა. მან ფეხით გაიარა ანტარქტიკა, გრენლანდია, ტაკლა-მაკანი და გობის უდაბნო; მიაღწია ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებს.
მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა და რეჟისორმა და პროდიუსერმა ხათუნა ხუნდაძე დააფუძნეს. ფესტივალი წელს მეოთხედ ტარდება და ის სტუმრებს 23 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.