ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილი პარიზის ოლიმპიადაზე რეპეშაჟში ასპარეზობის შანსს ინარჩუნებს

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილი პარიზის ოლიმპიადაზე რეპეშაჟში ასპარეზობის შანსს ინარჩუნებს
პარიზის ოლიმპიადაზე პირველი შეხვედრა გამართა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილმა (97 კგ). მერვედფინალში ის ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე მეორე ნომრად განთესილ აბუბაკარ ხასლახანაუს შეხვდა და მეტოქეს ორთაბრძოლა ანგარიშით 1:9 დაუთმო.
წესების თანახმად, თუ აბუბაკარ ხასლახანაუ ფინალში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს, რობერტ კობლიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟის გავლით გააგრძელებს.
ოლიმპიადაზე რობერტ კობლიაშვილის დებიუტი 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროში შედგა, სადაც მოჭიდავემ მეცხრე ადგილი დაიკავა. სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელია.
პარიზს ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ღირსებას რობერტ კობლიაშვილის გარდა რამაზ ზოიძე (67კგ) და ლაშა გობაძე (87კგ) დაიცავენ.
შეგახსენებთ, ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ოთხი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა კი ბრინჯაო მიიღო.