საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისთან დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მთავრობის მეთაური მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო შინდისის გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შინდისის გმირებმა აჩვენეს გაუტეხელი ქართული სული, პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულის და თავგანწირვის მაგალითი და მათი გმირობა თაობებს უნდა გადაეცეს.
„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს. ჩვენი ვალია, არასოდეს დავივიწყოთ მათი გმირობა. უფრო მეტიც, ეს გმირობა არის ის, რაც თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს. ამ ბიჭებმა აჩვენეს გაუტეხელი ქართული სული. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ გმირების მშობლებს, რომლებმაც ასეთი გმირები აჩუქეს სამშობლოს. მათ მოგვცეს პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულის და თავგანწირვის მაგალითი. ჩვენი ვალია ამ გმირების წინაშე, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.