შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობის დახმარებას აჩერებს

შეერთებული შტატები აჩერებს საქართველოს მთავრობის დახმარებას

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება:

 

23 მაისს საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, გამოვაცხადე აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა. ამ განხილვის შედეგად, შეერთებული შტატები აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოჰქონდა საქართველოს მთავრობისთვის.

 

საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები და ცრუ განცხადებები შეუთავსებელია ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებთან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქმედებების გამო ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის დახმარებას, შეერთებული შტატები გააგრძელებს იმ პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.

 

ჩვენ ორ ქვეყანასა და მოქალაქეებს შორის 32 წელზე მეტი ხნის მეგობრობისა და პარტნიორობის განმავლობაში შეერთებული შტატების ხალხმა გაიღო 6,2 მილიარდ დოლარზე მეტის დახმარება, რამაც წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებაში. ჩვენმა მხარდაჭერამ წვლილი შეიტანა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სანაპირო დაცვის აღჭურვასა და წვრთნაში, სკოლებისა და საავადმყოფოების აშენებაში, მასწავლებლების, საჯარო მოსამსახურეებისა და სამედიცინო პროფესიონალების გადამზადებაში. ჩვენ დავრჩებით ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული.