დღეს რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსანდრე ბერიძე უძღვებოდა.
ოთხთვიანი პაუზის შემდეგ საკრებულოს დარბაზში დღეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები განცხადების გაკეთების მიზნით მოვიდნენ და სხდომა მალევე დატოვეს. ისინი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის რუსთავში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელიც საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რუსთავის განვითარების შეფერხებას ეხებოდა.
სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრებმა განაცხადეს, რომ მეშვიდე მოწვევის საკრებულოს მუშაობის პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არც ერთი წლის ბიუჯეტი და შესაბამისად, ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტები მხარდაჭერილი არ ყოფილა.
დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „რუსთავი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ნათია შელეგიამ გამოთქვა მოსაზრებები იმ დეველოპერული კომპანიების პროექტების შესახებ, რომელთა განცხადებები დღეს განსახილველად საკრებულოს დღის წესრიგში იყო წარმოდგენილი.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ბერიძემ საკრებულოს აპარატს თხოვნით მიმართა, რომ გამოქვეყნდეს მეშვიდე მოწვევის საკრებულოს მუშაობის პერიოდში ფრაქციების „ქართული ოცნება“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „რუსთავი საქართველოსთვის“ წევრების მიერ მხარდაჭერილი ყველა დეველოპერული პროექტის ჩამონათვალი და სტატისტიკა.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, დამტკიცდა დეველოპერული კომპანიების მიერ წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტები და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გასაცემი საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და გეგმა.