დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ტრენინგები დაიწყო

დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ტრენინგები დაიწყო.

 

საარჩევნო პროცესში გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს დააკვირდნენ აღნიშნულ ტრენინგებს.

 

სამწუხაროდ აღნიშნულ პროცესში, რომელიც სრულად ორიენტირებულია საარჩევნო ადმინისტრატორების პროფესიული უნარების განმტკიცების ხელშეწყობაზე და კენჭისყრის პროცედურების შესახებ ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, ჩართული მხარეების ნაწილის მხრიდან დაფიქსირდა ხელის შეშლის მცდელობები.

 

სამწუხაროა, რომ ზოგიერთი არაუფლებამოსილი პირი დღეს ცდილობდა საკითხი წარმოეჩინა იმდაგვარად თითქოს მათ არ მიეცათ პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან მათ არა საარჩევნო ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელი, არამედ უბრალოდ კანონი არ აძლევთ პროცესზე დასწრების უფლებას. ამასთან დღეს მომხდარი რამდენიმე ინცინდენტი ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ ელექტრონული არჩევნების დისკრედიტაციის მიზნითაც იქნა გამოყენებული.

 

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ საარჩევნო პროცესის ადმინისტრირების ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი როგორიც არის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, წარმოჩინდეს როგორც არჩევნების გაყალბების მცდელობა. სრულიად უარგუმენტოდ ამ ბრალდების გაჟღერება კი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ პროცესის დისკრედიტაციას ემსახურება. თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაცია კვლავ გააგრძელებს როგორც საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეების, ისე საკუთარი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო აქტივობებს და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული პროცესი ყველა ჩართული მხარის მიერ იქნება ხელშეწყობილი და არ გახდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ უსაფუძვლო, ხმაურიანი და დისკრედიტაციული ბრალდებების საგანი.