დღეიდან საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო
ეს დღე ყველა სკოლაში, ტრადიციულად, მისალმებით და სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებით დაიწყო. შესრულდა საქართველოს ჰიმნიც.
2024-2025 სასწავლო წელს სკოლები სიახლეებით ხვდებიან – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ.
ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში 50 000-ზე მეტმა პირველკლასელმა დაიწყო სწავლა. პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, დამატებით კიდევ 7000-მდე ბავშვს მიეცა სკოლაში დარეგისტრირების შესაძლებლობა. პირველკლასელთა გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით, სამინისტრომ დამატებით უზრუნველყო სკოლების შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსითა და ინვენტარით აღჭურვა.
საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე კვლავ უზრუნველყოფილია წიგნებითა და რვეულებით. ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლების პირველკლასელებმა და დამრიგებლებმა მიიღეს პორტაბელური კომპიუტერები.