პარლამენტში საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის თაობაზე თემატური მოკვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის – „საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და არსებული გამოწვევები”  ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიმართა.

„ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ის მთავარი მიმართულებაა, რაც გამოარჩევს სახელმწიფოს, რომელსაც პრეტენზია აქვს იყოს მზრუნველი საკუთარი მოქალაქის მიმართ. არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოებში ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის,  ფინანსური ხელმისაწვდომობა, ყველა მოქალაქისთვის არ არის გარანტირებული. ჩვენ სხვა მიდგომა გვაქვს. ეკონომიკის ზრდასთან, სახელმწიფოს ეკონომიკურ გაძლიერებასთან ერთად, ფაქტობრივად წელი არ გავა, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის რამდენიმე ახალი, მნიშვნელოვანი  სერვისი არ გახდეს  ხელმისაწვდომი შეღავათით ან უფასოდ. სწორედ ეს არის სოციალური სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რომელიც, მათ შორის, ჩვენს კონსტიტუციაშიც არის გაწერილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანი საკითხია სამედიცინო სერვისების და მედიკამენტების ხარისხი.

 

„ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ ჩვენი დღევანდელი სახელმწიფო სამედიცინო სექტორი რადიკალურად განსხვავებული იყოს იმისგან, რაც იყო თუნდაც 10, 20 თუ 30 წლის წინ. ჩვენი პარლამენტისთვის საამაყოა, რომ  ამ განვითარების მონაწილე იყო, მათ შორის,   მთავრობის მხარდამჭერი საბიუჯეტო მიმართულებით. შესაბამისად, მიხარია, რომ ამ მხრივ, ბევრი ახალი პროგრამა დაინერგა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, ონკოლოგიური პაციენტთა რაოდენობა იზრდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. 

 

„უნდა აღინიშნოს, რომ თემატური მოკვლევის დაწყებამდე მთავრობამ და კონკრეტულად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პარლამენტთან ერთად არაერთი ნაბიჯი გადადგა, რათა  ჩვენ მოქალაქეებისთვის გაზრდილიყო ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით ინოვაციურ მედიკამენტებზე.  ამ მიმართულებით პარლამენტმა  სპეციალური საკანონმდებლო აქტი მიიღო, რითაც მთავრობას საშუალება მიეცა ინოვაციური მედიკამენტები გაცილებით დაბალ ფასში შეეძინა, ვიდრე ამას გვთავაზობდა კერძო ფარმაცევტული სექტორი. ზუსტად ეს ფაქტი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სამაგალითოდ მოიყვანა და სხვა ქვეყნებს მოუწოდა მიებაძათ საქართველოსთვის“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ზაზა ლომინაძემ  თემატური მოკვლევის ანგარიშის მომზადებაში მხარდაჭერისთვის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მადლობა გადაუხადა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თითოეული პაციენტისთვის არსებობდეს უკეთესი პირობები ხელმისაწვდომობისთვის იმ სერვისებზე, რომელიც კრიტიკულად აუცილებელია თითოეული მათგანის ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისთვის და ეს განაპირობებს ზუსტად იმ იდეის განხორციელებას, რაც  ჩვენი კონსტიტუციით არის გარანტირებული – სოციალური სახელმწიფოს იდეა.

„მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ონკოლოგიის სერვისების დაფინანსება დაახლოებით გახუთმაგდა და ასეულობით მილიონ ლარს მოიცავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.  თუმცა, ეს არ არის ის ნიშნული, რომლითაც კმაყოფილები ვიქნებით. ეს ტენდენცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და შენარჩუნდეს, ვიდრე საქართველოში არ იქნება ისეთი მდგომარეობა, როდესაც თითოეული პაციენტი  მიწოდებული სერვისებით აბსოლუტურად კმაყოფილი იქნება და აღარ იარსებებს ისეთი მიმართულება, რომლის შემდგომი განახლება საჭირო იქნება“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

პარლამენტის წევრის, თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის მთავარი მომხსენებლის,  ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი იყო, არის და იქნება ადამიანის კეთილდღეობა. 

 

„იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემამ ადამიანის კეთილდღეობაზე ზრუნვის ნაწილში გადამწყვეტი როლი შეასრულოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სისტემას ჰქონდეს ეფექტიანი და ხარისხიანი სერვისები და რაც ყველაზე მთავარია, თითოეული ადამიანისთვის ის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

 

თემატური მოკვლევის საფუძველი იყო ის, რომ ჩვენი ჯანდაცვის მიერ შემოთავაზებული სერვისების ნაწილში გაგვეანალიზებინა სად ვართ, საიდან დავიწყეთ და საით მივდივართ, როგორია ჩვენი მიზანი ზოგადად და განსაკუთრებით ონკოლოგიური მიმართულებით.

 

მახსოვს ისეთი შემთხვევებიც, არც თუ ისე შორეული წარსულიდან, როცა ონკოლოგიური პაციენტების ოჯახები უსახლკაროდ დარჩენილან იმის გამო, რომ თავისი ოჯახის წევრისთვის ემკურნალათ და ეს სულ რაღაც 12 წლის წინ ხდებოდა.

აქედან დაიწყო „ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. აქედან დაიწყო კიბოს პრევენციაზე და მკურნალობაზე მთელი რიგი სერიოზული ნაბიჯების გადადგმა და მოვედით დღევანდლამდე, როდესაც პაციენტების ძალიან სერიოზულ ნაწილს პრეტენზია აქვს იმაზე, რომ თარგეტული თერაპია და იმუნური თერაპია სრულად დაფინანსდება თუ არა. ეს არის ძალიან გრძელი გზა“, – აღნიშნა ირმა ზავრადაშვილმა.

 

ღონისძიების მონაწილეებს თემატური მოკვლევის მიგნებები და რეკომენდაციები ექსპერტმა, ივანე კილაძემ გააცნო.

 

თემატური მოკვლევის ფარგლებში გამოვლენილი ძირითადი მიგნებები შეეხება ონკოლოგიურ სერვისთა ხელმისაწვდომობისა და წვდომის პროცესში არსებულ ბარიერებს, რომლის საფუძველზეც გაცემულია თექვსმეტი რეკომენდაცია შემდეგი მიმართულებებით: ონკოლოგიურ პაციენტთა დიაგნოსტიკა, ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა, საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში მონაწილეობა, დამატებითი სერვისები ონკოპაციენტებისთვის და სამედიცინო განათლების სისტემა.