რუსთავში, ძველი ქალაქის რესტავრაცია-რეაბილიტაციისა და ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.
გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადგილზე, ავთენტური იერსახის, 600 კვადრატული მეტრი ფართის სამსართულიანი ახალი შენობის მშენებლობა, უკვე დასრულებულია და შიდა სარემონტო სამუშაოები ტარდება.
პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი ადგილზე გაეცნენ.
ახალი შენობის აშენების აუცილებლობა, ძველი ნაგებობის ავარიულობით იქნა განპირობებული. სასახლე რუსთავის ერთ-ერთ ძველ უბანში – რუსთაველის ქუჩაზეა განთავსებული, რომელიც ასევე რეაბილიტაციის პროცესშია და იქ არსებული შენობების გამაგრება-რესტავრაციის მეორე ეტაპი, ფაქტობრივად უკვე დასრულებულია.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, რომელშიც რუსთაველების არაერთი თაობაა გაზრდილი, ახალგაზრდული ცენტრის სტატუსით და ახალი შინაარსობრივი კონცეფციით ძალიან მალე დაუბრუნდება ქალაქს.