ირაკლი კობახიძის მეთაურობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომა მოსწავლეების, სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის ახალი სასწავლო წლის მილოცვით დაიწყო.
მთავრობის მეთაურმა ახალი ეტაპის დაწყება განსაკუთრებით მიულოცა პირველკლასელებსა და პირველკურსელებს და აღნიშნა, რომ წარმატებული სწავლა არის ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ყველაზე მყარი საფუძველი.
ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და აღნიშნა, რომ სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება 60 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, ხოლო წლის ბოლომდე – 100-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი, რის შედეგადაც 28 ათასზე მეტი მოსწავლე სწავლას განახლებულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სკოლებში განაგრძობს.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა მერაბ დვალიშვილს UFC-ს ჩემპიონობა მიულოცა. მთავრობის მეთაურისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, მერაბ დვალიშვილი უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე იქნება წარდგენილი.
პრემიერმა ასევე ისაუბრა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზეც და აღნიშნა, რომ ივლისში 13%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო, შესაბამისად, 7 თვის საშუალო ზრდამ შეადგინა 9.7%, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში და რეგიონის ქვეყნებს შორის. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება საუკეთესო გზაა უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევისკენ.
ამასთან, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მასშტაბურ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც აშენდება 43 კორპუსი და ბინები 1 200 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა. სამხედროები კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 100 აშშ დოლარს გადაიხდიან, რომლის დასაფარად უპროცენტო შიდა განვადება იმოქმედებს. ბინები სულადობის პრინციპის შესაბამისად განაწილდება.