საქართველოს 21-წლამდე ნაკრები დღეს ბათუმში მოლდოვას დაუპირისპირდება

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე შეხვედრას გამართავს. რამაზ სვანაძის მომზადებული გუნდის მეტოქე ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ მოლდოვის ასაკობრივი ნაკრები იქნება.

ამ გუნდებს შორის პირველ წრეში 2023 წლის 12 სექტემბერს გამართული მატჩი ქართველმა ფეხბურთელებმა ჯადული იობაშვილის მიერ 84-ე წუთზე გატანილი ბურთით მოიგეს. საქართველო – მოლდოვის თამაში 20:00 საათზე დაიწყება.

ბათუმის შემდეგ, რამაზ სვანაძის გუნდი ნიდერლანდებში გაემგზავრება, სადაც 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს, ვენლოში, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ჩვენ გუნდს, გასული ექვსი ტურის შემდეგ, ჯგუფში 13 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. 10 ქულით შვედეთი მესამე ადგილს იკავებს, ხოლო პირველადგილოსან ნიდერლანდებს 21 ქულა აქვს.