ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოლორადოს შტატში, საერთაშორისო პრეციზიული ფედერაციის (IPRF) ეგიდით 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით პრეციზიულ სროლაში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობას საქართველოს პრეციზიული სროლის ნაკრები ოთარ კიშინსკის, გიორგი გელაშვილისა და დავით ზანგალაძის შემადგენლობით მიიღებს.
ქართველი მსროლელები აშშ-ში წინასაშეჯიბრო მზადებას გადიან და ჩემპიონატში თავისუფალ დივიზიონში 14 სექტემბრიდან ჩაებმებიან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეციზიული სროლის ფედერაცია 2021 წელს დაფუძნდა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ის რამდენიმე თვის წინ აღიარა.
პრეციზიული სროლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იმყოფება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტთან – ოთარ კიშინსკისთან, ერთად საერთაშორისო პრეციზიული ფედერაციის პრეზიდენტთან მარკუს ოლსონთან და აშშ-ის პრეციზიული სროლის ფედერაციის პრეზიდენტთან – გრეგორი ბელთან, შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე მხარეები ორმხრივ თანამშრომლობასა და საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელებენ.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორედ იასპარეზებს. 2022 წელს ლიმიტედის დივიზიონში გუნდურ შეჯიბრებაში საქართველომ მეშვიდე ადგილი დაიკავა; ამავე დივიზიონში ინდივიდუალურ ასპარეზობაში 50 სპორტსმენს შორის ბექა წიკლაურმა კი შეჯიბრი მეთერთმეტე ადგილზე დაასრულა.
პრეციზიულ სროლაში მსოფლიოს ჩემპიონატზე 30 ქვეყნის 300-ამდე სპორტსმენი მონაწილეობს. პრეციზიულ სროლას საფუძველი აშშ-ში ჩაეყარა და მსოფლიოში პოპულარობა მალევე მოიპოვა. თუმცა სპორტის ეს სახეობა განსაკუთრებით პოპულარული სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებშია.