ავსტრალია მოზარდებში სოციალური მედიის გამოყენებაზე მინიმალური ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ reuters წერს.
შეზღუდვის დაწესების მოტივი, მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სოციალური მედიის გამოყენების გამო გამოწვეული პრობლემების მოგვარებაა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანესი აღნიშნავს, რომ მთავრობა იმსჯელებს კონკრეტულად რა ასაკიდან დაწესდება შეზღუდვა. პრემიერ-მინისტრმა ასაკი არ დააკონკრეტა, თუმცა თქვა, რომ სავარაუდოდ, ეს 14-დან 16 წლამდე იქნება.
“მინდა რომ ბავშვებს გაჯეტების გარეშე ვხედავდე, მინდა მათ მეტი დრო გაატარონ მინდორში, საცურაო აუზებსა და ჩოგბურთის კორტებზე. ჩვენ გვინდა, რომ მათ შეხება ჰქონდეთ რეალურ ადამიანებთან, რადგან ვიცით, რომ სოციალური მედია ზიანს იწვევს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ავსტრალია გახდება მსოფლიოს პირველი ქვეყანა, რომელიც სოციალურ მედიაზე ასაკობრივ შეზღუდვას დააწესებს.