2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგები დაჯილდოვდნენ

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

 

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, პრემიის ფინალისტ პედაგოგებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზი 10 ღვაწლმოსილ პედაგოგს გადაეცა. ესენი არიან:

 

• გორის მე-8 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვერა სომხიშვილი;

• თბილისის 28-ე საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი თამარ ადამია;

• ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ივანე გოქაძე;

• დედოფლისწყაროს პირველი სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ეკა სეფიაშვილი;

• ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფლის სკოლის სპორტის მასწავლებელი ნანი კირკიტაძე;

• გორის მე-5 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი ნანა წიწუაშვილი;

• სენაკის პირველი სკოლის ხელოვნების მასწავლებელი მამუკა კუჭავა;

• თელავის მე-4 საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ეკატერინე გურგენაშვილი;

• ბათუმის მეორე სკოლის დაწყებითი კლასების და გეოგრაფიის მასწავლებელი ანა ანუშიძე;

• ახალციხის მეორე საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი ზურაბ ინასარიძე.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება 2024 წლის აპრილში დაიწყო და ივლისში დასრულდა. კონკურსში მთელი საქართველოს მასშტაბით ჯამში 2000-ზე მეტი პედაგოგი იღებდა მონაწილეობას.

 

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეირჩა მასწავლებლები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა, თუ თემის განვითარებაში. ამის შემდგომ 10 გამარჯვებული გამოავლინა სპეციალურმა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებით.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2023 წელს მასწავლებლის ეროვნული პრემია დაწესდა. შესაბამისად, ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.

 

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.