საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა

კულტურის ახალი მინისტრი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე წარადგინა.

პრემიერმა თინათინ რუხაძეს წარმატებები უსურვა და გაწეული საქმიანობისთვის კულტურისა და სპორტის ყოფილ მინისტრს თეა წულუკიანს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ძალიან ღირებული საქმიანობისთვის. მისი მინისტრობის დროს არაერთი ცვლილება, მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა როგორც კულტურის, ასევე სპორტის სფეროში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, არჩევნების შემდეგ განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა. კულტურის მინისტრად თინათინ რუხაძე, ხოლო სპორტის მინისტრად შალვა გოგოლაძე დაინიშნება.

„ძალიან დიდი წარმატებები გვაქვს სპორტის სფეროში. ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის განვითარებას და სპორტის სამინისტროს ცალკე შექმნაც ყურადღების კიდევ ერთი გამოხატულება იქნება. სპორტი დარჩება განსაკუთრებულ პრიორიტეტად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სამინისტროს გაყოფამდე შალვა გოგოლაძე კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას დაიკავებს და მისი საკურატორო სფერო სპორტი იქნება.