ოთარ შამუგია საუდის არაბეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა

ოთარ შამუგია საუდის არაბეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საუდის არაბეთის სამეფოს გაერთიანებული პალატების ფედერაციის თავმჯდომარეს, ჰასან ალ-ჰუვაიზის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს აგრარულ დარგში ინვესტირების შესაძლებლობები და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნებს შორის ეფექტიანი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა არსებობს, რასაც გაფართოების დიდი პოტენციალი გააჩნია.

ოთარ შამუგიამ ვრცლად ისაუბრა საქართველოს მოქნილი საინვესტიციო გარემოს შესახებ და საუდის არაბეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აგრარული დარგის განვითარების სახელმწიფო ხელშემწყობი პროგრამების შესახებ მიაწოდა ვრცელი ინფორმაცია.

შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების, კერძოდ, კაკლოვანი კულტურების, წვენების, ბოსტნეულის წვენების და მოცვის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა.

საუდის არაბეთის სამეფოს გაერთიანებული პალატების ფედერაციის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მინისტრს მასპინძლობისთვის, აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია და საინვესტიციო თვალსაზრისით საინტერესო ქვეყანას წარმოადგენს.