საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პროკურატურას პასუხობს.
საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა მედიას წარუდგინა ვიდეოები, რომლებიც არჩევნების დღეს სავარაუდო დარღვევებს ასახავს.
“მტკიცებულებები, ბატონებო, თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს. მე ასე ვიცოდი, რომ საერთოდ პირიქით იყო, რომ საგამოძიებო ორგანოს უნდა თვითონ მოეპოვებინა მტკიცებულებები. თქვენც ასე იცით, ხო? ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება და არ გამიგია, მართალი რომ ვთქვა, არც ერთი ასეთი პრეცედენტი არ ვიცი, რომ საგამოძიებო უწყებამ სთხოვოს არჩევნებზე პრეზიდენტს მტკიცებულებები.
სხვათაშორის, ახლა, ამ წუთში, მოვდიოდი და მოვისმინე ჟოზეფ ბორელისთვის, მგონი მასაც უნდა ჰკითხოს პროკურატურამ, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ძალიან ბევრი მტკიცებულებები მასაც გააჩნია და მისი ჩამონათვალი იმ დარღვევების რაც არის ჩამოთვლილი, არის ზუსტად იგივე და პროკურატურა, უფრო უცნაური არის, ცესკოს წუხილზე რომ სთხოვს პრეზიდენტს მტკიცებულებას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა
პრეზიდენტმა ასევე პროკურატურას ურჩია: “ სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას… პრეზიდენტი კი თავის საქმეს მიხედავს…
“პროკურატურას მივმართავ, ხალხის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული, თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არავინ არ ელოდება პროკურატურისგან დღეს ამ სიტუაციაში, რომ პრეზიდენტზე დაიწყოს აშკარა პოლიტიკური პროცესები, რომელიც სხვათა შორის, უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს, არ ვიცი ვინ ასრულებს და ვინ არა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პროკურატურის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყეს საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
საქართველოს პროკურატურამ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით საგამოძიებო უწყებაში დაიბარა.