რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა.
პრემიერ ირაკლი კობახიძის შეფასებით, მსგავსი პროექტები ხელს უწყობს დედაქალაქისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნას და მის კიდევ უფრო განვითარებას.
საბაგიროს გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ მთავრობის მხარდაჭერა ასეთი პროექტების განხორციელების მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება.
„ასეთი პროექტები სჭირდება ქალაქის განვითარებას. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი არაჩვეულებრივი დედაქალაქით, შესაბამისად, ამ ქალაქზე ზრუნვა არის თითოეული ჩვენგანის ვალი და პასუხისმგებლობა. ამ პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ მომავალშიც”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საბაგირო გზის გახსნის ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა გიორგი შარკოვმა და მთაწმინდის პარკის დირექტორმა გელა დიღმელაშვილმა.
რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგიროს რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად განახლდა ქვედა სადგურის ინტერიერი, აშენდა ზედა სადგური და მოეწყო 5 საყრდენი ნაგებობა. საბაგირო გზა ერთი მიმართულებით, საათში 1200 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს და მანძილს 4 წუთში დაფარავს.
პროექტის ღირებულება 50 მლნ ლარია.