რუსთავში ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეა გაიხსნა

20 წლის შემდეგ პირველად, რუსთავში სამხატვრო გალერეა გაიხსნა.

მე-20  საუკუნის უდიდესი ნონკონფორმისტი  მხატვრის ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ახალ შენობაში, ოთარ ჩხარტიშვილის ნამუშევრების  სერიის – „წელიწადის ოთხი დრო  ჩემი ეზო“- გამოფენით გაიხსნა.

უნიკალური ნამუშევრების ეს სერია,  მხატვარმა რუსთავში ცხოვრების პერიოდს მიუძღვნა.  ფერწერულ ტილოებზე, მხატვრის სახლის ფანჯრიდან დანახული, 70- 80-იანი წლების  რუსთავია ასახული.

ხელოვნების გალერეის გახსნით, რუსთაველი მხატვრების დიდი ხნის სურვილი ასრულდება. სამხატვრო გალერეა  რუსთავში, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, 2005 წელს გაიყიდა და მას შემდეგ,  რუსთაველ მხატვრებს,  დახურული საგამოფენო სივრცე აღარ ჰქონიათ. 

გალერეა,  რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გახსნა. ღონისძიებას, რუსთავის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, დევნილთა, შრომის,  ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის  მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები, ხელოვნების სამხატვრო სფეროს წარმომადგენლები და ოთარ ჩხარტიშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

ხელოვნების გალერეის გახსნით,  რუსთავის მერია, მოსახლეობისთვის მიცემულ კიდევ ერთ დაპირებას ასრულებს.  

ხელოვნების ახალი გალერეა,  რუსთაველი მხატვრებისთვის და ხელოვანებისთვის კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობა იქნება.

სივრცე, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ახალაშენებული შენობის პირველ სართულს იკავებს, დღეიდან არა მარტო რუსთავის და საქართველოს, არამედ საერთაშორისო მასშტაბის გამოფენებსაც უმასპინძლებს.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე,  ახალგაზრდული ცენტრის სტატუსით და  მულტიდისციპლინური კონცეფციით,   უკვე ამ შემოდგომიდან მიიღებს ახალგაზრდებს.

ხელოვნების  გალერეა, ახალგაზრდული ცენტრის ახალი კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.