სალომე ზურაბიშვილი დადგა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს, რაც არავის უკვირს – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

სალომე ზურაბიშვილი დადგა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს, რაც არავის უკვირს; ის მთლიანად არის მიერთებული იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პირდაპირ უკავშირდება ფსევდოლიბერალური პროპაგანდა – ეს არის რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ მან ხელი არ მოაწერა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს“ კიდევ ერთხელ მეტყველებს სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ არჩევანზე.

„ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი დადგა არა ტრადიციული და ოჯახური ფასეულობების დაცვის მხარეს, არა არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის მხარეს, არამედ დადგა სწორედ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რა პოლიტიკური არჩევანი გააკეთა ამ ადამიანმა და რა ძალების მიერ არის მართული სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.