საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.
8 ოქტომბერს გუნდმა პოზნანში მეორე ვარჯიში გამართა. ადგილობრივი ლეხის ბაზაზე ჩატარებულ საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი გველესიანი, გიორგი ლორია კი სავარჯიშო პროცესს დღეიდან შეუერთდება.
ეროვნულ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა ნაკრების დებიუტანტმა, გიორგი გულიაშვილმა. ვარჯიშის შემდეგ ბოსნიური „სარაევოს“ ფორვარდმა მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა.
„მოახლოებული თამაშები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ძლიერ მეტოქეებს ვხვდებით, თუმცა ჯგუფის ლიდერები ვართ და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება“, – აღნიშნა მან.
ოქტომბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი ორ შეხვედრას ჩაატარებს. უკრაინა -საქართველოს მატჩს 11 ოქტომბერს ქალაქი პოზნანი უმასპინძლებს და თამაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. 14 ოქტომბერს საქართველო-ალბანეთის შეხვედრა კი მიხეილ მესხის სტადიონზე სტარტს 20:00 საათზე აიღებს. მატჩებისთვის „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა.