უდროოდ გარდაცვლილი, მრავალმხრივ ნიჭიერი შემოქმედის ამქვეყნიური ცხოვრების აღნუსხვას რამდენიმე სტრიქონიც ეყოფა, სამაგიეროდ, ვრცელია მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია, რომელიც უხვად მოიცავს ლექსებს, მოთხრობებს, რომანებს, ფილმებს, პრიზებს, ჯილდოებს.
გოდერძი ჩოხელი დაიბადა 1954 წლის 2 ოქტომბერს დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში. 1979 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი და იმავე წელს დამდგმელ რეჟისორად მიიღეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.
იგი ლექსებსა და მოთხრობებს 1977 წლიდან აქვეყნებდა. გოდერძი ჩოხელის პირველი წიგნი – „წერილი ნაძვებს“ 1980 წელს გამოიცა, რომელსაც მოგვიანებით მოჰყვა არაერთი კრებული: „ბინდისფერი ხეობა“, „თევზის წერილები“, „ბედი მდევარი“ და სხვ., ასევე, რომანები: „მგელი“, „ადამიანთა სევდა“, „მღვდლის ცოდვა“, „სულეთის კიდობანი“…
გოდერძი ჩოხელმა საკუთარი სცენარების მიხედვით თექვსმეტი მოკლე- და სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, რომელთა უმეტესობამ დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ობერჰაუზენის კინოფესტივალის გრან-პრი („ადგილის დედა“), მონტე-კარლოს ფესტივალის „ვერცხლის ნიმფა“ და კათოლიკური ეკლესიის პრიზი („ცოდვის შვილები“). ასევე მიღებული აქვს იაპონიის კინოფესტივალის სპეციალური პრიზი.
მას მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო პრემია.
მცხეთაში, სამთავროს მონასტრის ეზოში, გოდერძი ჩოხელის საფლავს მისივე სტრიქონები ამშვენებს: „რა არის სიცოცხლე? – სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის სევდა. სიკვდილი? – სიკვდილიც სევდა არის, არყოფნის სევდა“.
არყოფნაზე ვერაფერს ვიტყვით, გოდერძი ჩოხელის სევდიანი სიცოცხლე კი დაუსრულებლად გაგრძელდება უკვდავი ქართული სულით აღბეჭდილ მის ლექსებში, მოთხრობებსა და ფილმებში.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს გოდერძი ჩოხელის ხსოვნას, მის გამორჩეულ დამსახურებას ქართული მწერლობისა და კინოს, ზოგადად, ეროვნული კულტურის წინაშე.