ფერეიდანში ქართული ენის შემსწავლელი უფასო სკოლა გაიხსნა

ქვემო ქართლის რეგიონის ვიცე-გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის ინიციატივით და პატრონაჟით, ფერეიდანში ქართული ენის შემსწავლელი უფასო სკოლა გაიხსნა. 400 წლის შემდეგ, ფერეიდნელ ქართველებს პირველად მიეცათ საშუალება, მშობლიურ ენას, უფასოდ დაეუფლონ.
„ჩემი და ჩემი ოჯახის დიდი ხნის სურვილი იყო, ფერეიდნელი ქართველები როგორმე, რაიმე ფორმით ქართულ ფესვებთან დაგვებრუნებინა. მიმდინარე წელს, რამდენიმე თვიანი მოლაპარაკების შედეგად გავხსენით, ქართული ენის შემსწავლელი უფასო სკოლა. საგანმანათლებლო სივრცეში ქართულ ენას, წერა-კითხვას ნებისმიერი ასაკის დაინტერესებული პირი შეისწავლის. შევარჩიეთ, საუკეთესო პედაგოგები, შევიძინეთ სასკოლო ინვენტარი, სახელმძღვანელოები და შევქმენით პირობა სრულფასოვანი განათლების. პირველივე დღიდან სკოლაში 100-მდე მოსწავლე ჩაირიცხა. მათთვის ყველაზე ღირებულია, დავიწყებული მშობლიური ენის წერა-კითხვის შესწავლა. ვამაყობ, რომ ეს შევძელი და ჩემი სოფლიდან, ტყვედ გატაცებული ქართველები ნაწილობრივ მაინც „დავაბრუნე“ საქართველოში, მარტყოფში. მადლობას ვუხდი, ქართული ენის შემსწავლელი სკოლის დირექტორს და პედაგოგებს ფასდაუდებელი შრომის გაწევისთვის. მადლობა ყველას, ვინც სკოლის დაარსებაში მცირედი წვლილი შეიტანა. მათი შემართება და დაინტერესებული პირების რაოდენობა, მაძლევს მოტივაციას,მომავალში მსგავსი სკოლა ფერეიდანში სხვა ქართულ სოფლებშიც დაარსდეს“- გიორგი შინჯიკაშვილი ქვემო ქართლის ვიცე-გუბერნატორი