ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე,  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება.

კალანდარიშვილის თქმით, საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.

„2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება.

საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება.

არჩევნების მოდერნიზება – ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპის წარმატებით დასასრულებლად საარჩევნო ადმინისტრაცია საქმიანობებს თითქმის 2 წელია ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს. შესრულდა უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, სხვადასხვა ტიპის საორგანიზაციო სამუშაოები, საკანონმდებლო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით მრავალეტაპიანი სწავლებები საარჩევნო კომისიების წევრებისთვის, ამომრჩეველთა ინფორმირების უპრეცედენტო ფართომასშტაბიანი კამპანია, თანამედროვე საოპერაციო-სასაწყობე სივრცის შექმნა ტექნოლოგიებისთვის, ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტის განხორციელება და სხვა არაერთი.

პროცესის ინკლუზიურობის და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, ინსტიტუციაში შექმნილია 4 სამუშაო – დიალოგის პლატფორმა ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მედიასთან და ადგილობრივ ექსპერტებთან. აღნიშნულ ფორმატებში რეგულარულად ხორციელდებოდა შეხვედრები, რომლის ფარგლებში ჩართული მხარეებისთვის ინფორმაციის მიწოდების გარდა, განიხილებოდა ის მიგნებები თუ რეკომენდაციები, რომელთა უმეტესობაც მაქსიმალურად შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებულია.

არჩევნების ორგანიზების მიზნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო არაერთი სამართლებრივი/ნორმატიული აქტი, რითაც ხელი შეუწყო საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, მათ შორის საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის პროცესის გამარტივებას. საერთო ჯამში, არჩევნების დანიშვნიდან დღემდე მიღებულია 13 დადგენილება, ასევე, კომისიამ მიიღო 228 განკარგულება, რომელთა უმრავლესობას ჰქონდა 13-ზე მეტი წევრის მხარდაჭერა.

სწორედ ზემოჩამოთვლილი აქტივობების განსახორციელებლად გაწეული საქმიანობისთვის და შეტანილი წვლილისთვის მადლობას ვუხდი ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს და ყველა იმ ჩართულ მხარეს, რომელთაც ხელი შეუწყვეს საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მოდერნიზების პროცესში, მათ შორის ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებსა და მედიას.

საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.

ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს ხელი შეუწყონ არჩევნების დაკვირვების და გაშუქების უმნიშვნელოვანეს პროცესს, კანონით დადგენილი წესების ზედმიწევნით დაცვით. ამასთან, მოუწოდებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დაიცვან კანონმდებლობა, არ ჩაერიონ კომისიების ფუნქციებსა და საქმიანობაში და ამით ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და პროფესიულ გარემოში ჩატარებას. საარჩევნო ადმინისტრაცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში და საქმიანობაში ჩარევის ან ხელის შეშლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართავს კანონით დადგენილ მექანიზმებს.

არჩევნები საერთო საქმეა და სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მოვუწოდებ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მოვიდნენ არჩევნებზე, ასევე მივმართავ ჩართულ მხარეებს – პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას – მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიზაციის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში, დააკვირდნენ არჩევნებს და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას. თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და მთლიანობის უზრუნველსაყოფად.

კვლავ გამოწვევად რჩება დეზინფორმაცია და მანიპულაციური საინფორმაციო კამპანიები, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის და კენჭისყრის დღის დისკრედიტაციის მცდელობები უსაფუძვლო ბრალდებებით, სწორედ ამიტომ, მივმართავ ყველა ჩართულ მხარეს, რომ პატივი ვცეთ ამომრჩევლებს და მივაწოდოთ მათ სწორი, გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია, ჩვენი მხრივ კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებას და ჩართულ მხარეებს, განსაკუთრებით საერთაშორისო პარტნიორებს ოპერატიულად და პროაქტიულად ჰქონდეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ ვერიფიცირებული და სწორი ინფორმაცია“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.