ცესკო საზღვარგარეთ დამატებით 7 საარჩევნო უბანს გახსნის

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში მყოფი და აღრიცხვაზე დამდგარი ამომრჩევლის რაოდენობის გათვალისწინებით, სხვადასხვა ქალაქში 7 დამატებითი საარჩევნო უბანი გაიხსნება – გადაწყვეტილება ცესკოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. დამატებითი უბნები ნიუ-იორკში, ბერლინში, ბარსელონაში, რომში, ათენში, სალონიკში და პარიზში შეიქმნება.

” არსებული საარჩევნო უბნების რაოდენობას ყველა აღნიშნულ 7 ლოკაციაზე დაემატება თითო-თითო საარჩევნო უბანი, რაც, ვფიქრობ, არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

მნიშვნელოვანია, რომ დროულად განხორციელდეს კომისიების დაკომპლექტება აღნიშნულ ლოკაციებზე კენჭისყრის დღის ადმინისტრირების მიზნით, რისთვისაც 2 დღის ვადა აქვთ დაინტერესებულ პირებს მიმართონ კომისიას. ასევე, აღსანიშნავია, რომ 3 დღის ვადაში ექნებათ შესაბამის უფლებამოსილ პოლიტიკურ გაერთიანებებს, დანიშნონ აღნიშნულ უბნებზე თავიანთი წევრები. ”- განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი მოემსახურება საქართველოს მოქალაქეებს.