ბოლნისში, მაღალტექნოლოგიური, მრავალპროფილური, 111 საწოლზე გათვლილი საავადმყოფო გაიხსნა. ბოლნისის ცენტრალური კლინიკის გახსნას ჯანდაცვის მინისტრი დაესწრო.
მიხეილ სარჯველაძემ კლინიკა დაათვალიერა და იმ სერვისებს გაეცნო, რასაც დაწესებულება პაციენტებს შესთავაზებს. მინისტრმა სამედიცინო სერვისების გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახელმწიფო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას კერძო სექტორთან, რათა პაციენტისთვის უზრუნველყოფილი იყოს მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისი, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ბოლნისის ცენტრალური კლინიკა სრულიად გარემონტდა და განახლდა, აღიჭურვა ახალი აპარატურითა და ინვენტარით. კლინიკაში ფუნქციონირებს მოზრდილთა და ბავშვთა გადაუდებელი დახმარება ,,ემერჯენსი“- მე-3 დონის, მოზრდილთა და ბავშვთა: ქირურგია, თერაპია, რეანიმაცია, ინტენსიური, ოტორინოლარინგოლოგია, მოზრდილთა ნევროლოგია, კარდიოლოგია, ნეიროქირურგია, გინეკოლოგია, ინტერვენციული კარდიოლოგია, ტრავმატოლოგია, ოფთალმოლოგია, რენტგენოლოგია და კომპიუტერული ტომოგრაფია. ასევე – სტაციონარული დიალიზი.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.