ჯანდაცვის მინისტრმა, ქუთაისში, ო. ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კლინიკაში, გადაუდებელი დახმარებისა და ქირურგიული განყოფილებები რემონტდება. ასევე, იგეგმება მიმდებარე ტერიტორიისა და გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, პაციენტებს, საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო ცენტრი მოემსახურება, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანია მაღალი დონის ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფისთვის.
სამედიცინო ცენტრი 130 საწოლზეა გათვლილი. კლინიკაში განთავსებულია გადაუდებელი დახმარების, ქირურგიის, რეანიმაციის, საოპერაციო ბლოკი, თერაპიის, კარდიოლოგიისა და ნერვული სნეულებების განყოფილებები. ასევე, ხელმისაწვდომია ამბულატორიული მომსახურება და ინსტრუმენტალური კვლევები.
მინისტრთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ: პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ტყემალაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე.