ალბანეთში 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური მეორე ადგილი დაიკავა. მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა გიორგი ჩხიკვაძემ (72 კგ), რომელმაც ფინალში სომეხი შანტ ხაჩატრიანი ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ვიცე-ჩემპიონი გახდა დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ). ქართველმა სპორტსმენმა ფინალური შეხვედრა ყირგიზ რაზაკ ბეიშეკეევთან დათმო. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ფრიდონ აბულაძემ (60 კგ), დათა ჩხაიძემ (82 კგ), აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ) და გიორგი ცოფურაშვილმა (130 კგ).
წარმატების მისალოცად ქართველ მოჭიდავეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ბაკურ გოგიტიძე დახვდნენ. სპორტსმენებს ელოდნენ გულშემატკივრები და ოჯახის წევრებიც.
23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეიდან ასპარეზობაში ჩაერთვება საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები. ქართველი მოჭიდავეები მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.