51 ეროვნულ ფედერაციას სპორტული ეკიპირება გადაეცა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 51 ეროვნულ სპორტულ ფედერაციას სპორტული ეკიპირების 3902 კომპლექტი გადასცა. ღონისძიება სოფელ დიღომში მდებარე რეაბილიტირებულ მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსში გაიმართა და მას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ბაღათურია, შპს „სპორტმშენსერვისის” დირექტორი გერონტი ცინდელიანი, ფედერაციების პრეზიდენტები, ვიცე-პრეზიდენტები, ფედერაციების წარმომადგენლები და სპორტსმენები ესწრებოდნენ. ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების განცხადებით სპორტული წარმატებების ხელშეწყობისა და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე ეროვნული ნაკრებების ღირსეულად მონაწილეობის მიზნით სამინისტრო თავის მიერ აღიარებული სპორტული ფედერაციებისთვის ყოველწლიურად გამოყოფს თანხას, რომლითაც ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისთვის შეიძენენ სპორტული ეკიპირებას. იმის გამო, რომ სპორტული ფედერაციების მიერ შეძენილი ეკიპირება სხვადასხვა მწარმოებლისა და ხარისხისაა, ასევე, არ არის დაცული ეროვნული სიმბოლიკის გამოყენების წესი, გადაწყდა ერთიანი სტანდარტის დამკვიდრება.
ამ მიზნით სამინისტროს სპორტის დეპარტამენტმა 2023 წელს სამინისტროს მიერ აღიარებულ 51 ეროვნულ სპორტულ ორგანიზაციასთან 60-ამდე შეხვედრა გამართა. გამოცდილების გაზიარების მიზნით პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება.
უწყების ინფორმაციით, სამინისტროს მიერ აღიარებული სპორტული ფედერაციების საჭიროებებიდან გამომდინარე, სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით სამინისტრომ მიმართა შპს „სპორტმშენსერვისს“, რომელმაც სამინისტროს მიერ გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში შეისყიდა 4 639 478 ლარი ღირებულების სხვადასხვა სახის სპორტული ეკიპირება.
ფედერაციებისთვის გადაცემული სპორტული ეკიპირება „პუმას“ ფირმისაა.