ოპოზიცია 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს, სადაც ცნობილი გახდება ოპოზიციის სამოქმედო გეგმა. განცხადება ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთობლივ საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ანა დოლიძის თქმით აქციაზე გაახმოვანებენ ოპოზიციის სამოქმედო გეგმას.
„ჩვენ შევიკრიბებით ორშაბათს, 19:00 საათზე, რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად, თუ როგორ – კანონის მიხედვით, სამართლებრივად, მშვიდობიანად, მაგრამ ორგანიზებულად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
პრესკონფერენციას წინ უძღოდა სამი ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლების ერთობლივი კონსულტაციები.
შეხვედრას ესწრებოდნენ: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.