პრეზიდენტი – არ ვაღიარებ ამ არჩევნებს!

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბრიფინგზე, რომელსაც “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ძლიერი საქართველოს” ლიდერები ესწრებოდნენ, პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ არჩევნების აღიარება რუსეთის საქართველოში შემოსვლას ნიშნავს.

“ეს იყო ტოტალური გაყალბება, ტოტალური წართმევა თქვენი ხმების, გამოყენება ყველა იმ ხერხის, რაც გვინახავს სხვადასხვა ქვეყანაში თუ ამ ქვეყანაში, რაც შეიძლება გამოიყენო, რომ გააყალბო არჩევნები, პლუს, დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმ დონეზე, რომ ტექნოლოგია გამოყენებული იყო იმისთვის, რომ გაეთეთრებინა გაყალბება. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა.

ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რეალურად რუსული სპეცოპერაციის, შეიძლება, ითქვას, ჰიბრიდული ომის ერთერთი ახალი ფორმის, რომელი განხორციელდა ჩვენს ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე…

მინდა ვთქვა ამ სახელმწიფოში დარჩენილმა ერთადერთმა დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა, რომ არ ვაღიარებ ამ არჩევნებს!

ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება, რადგან ეს არის რუსეთის აქ შემოსვლის აღიარება, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანაში, ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენ წინაპრებს.

ამას ჩვენ არ შევეგუებით! არ შეიძლება ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ევროპული მომავალი.”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ხვალ, 19:00 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია დააანონსა.