ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა 2025 წლის ბიუჯეტის პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა 2025 წლის ბიუჯეტის პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.
საპარლამენტო მოსმენას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ესწრებოდა.
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება 870 მლნ ლარზე მეტით იზრდება, რომლის ფარგლებში გრძელდება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მიზნობრივი პროგრამების განხორციელება. ასევე,გაიზრდება სოციალური სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, ხარისხი და განვითარდება ახალი სერვისები.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო მომსახურების ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. მიზნობრივი ჯგუფები უზრუნველყოფილი იქნებიან შესაბამისი სამედიცინო მომსახურებითა და სამკურნალო მედიკამენტებით.
2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის თანახმად, განხორციელდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროს უმთავრესი პრიორიტეტის − პირველადი ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმის მომდევნო ეტაპი და უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობის ავადობის ადრეული გამოვლენა და შეკავება, რაც გააუმჯობესებს ჯანმრთელობის მაჩვენებლებს და შეამცირებს გადაუდებელი და სტაციონარული მომსახურების ხარჯებს.
დოკუმენტის თანახმად, გაუმჯობესდება იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ფინანსურ დოკუმენტში, დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით 240 მლნ ლარია გათვალისწინებული.