„არ ვაღიარებთ არჩევნებს” – თბილისში, თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით „დაიტოვეს” საპროტესტო მსვლელობა დაიწყო

“არ ვაღიარებთ არჩევნებს”, – ჯგუფ „დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა თავისუფლების მოედანზე გზა გადაკეტეს და მსვლელობით ბარათაშვილის ხიდისკენ გაემართნენ.

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. მათი შეფასებით, ხელისუფლებამ ქართველ ხალხს “არჩევნები მოჰპარა და ხალხის ხმები გააყალბა”.

ორგანიზატორების თქმით, ეს „დაიტოვეს” გარე სივრცეში მოქმედებების დასაწყისია და მსვლელობით სურთ საფუძველი ჩაეყაროს შემდეგ ერთობლივ ბრძოლას.

აქციის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. 

“დაიტოვეს” ორგანიზებულ აქციას სტუდენტებთან, სამოქალაქო სექტორთან და მოქალაქეებთან ერთად პროევროპული ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ. 

ჯგუფ “დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული საპროტესტო მარშის მონაწილეებმა შეკრება, თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობასთან 18:00 საათიდან დაიწყეს.