დღეს, რუსთავის თეატრის დიდ სცენაზე ავსტრიელი დრამატურგის პეტერ ტურინის პიესა „ერთად ალცჰაიმერით ცხოვრება მშვენიერია“ გაცოცხლდა.
პიესა ავსტრიული მხარის თანხმობით სპეციალურად რუსთავის თეატრისთვის ითარგმნა. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძეა, პიესა – მზია გარდავაძემ თარგმნა.
ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც სიბერის შიში არ ჰქონდეს, ამის ერთ-ერთი საფუძველი ამ პერიოდის დამახასიათებელი დაავადება ალცჰაიმერია. პიესა სწორედ მის არცთუ ისე საშიშ მხარეს დადებით ჭრილში წარმოგვიდგენს.
მაყურებელმა იხილა, თუ როგორია წყვილის ცხოვრება ახალგაზრდობასა და სიბერეში, რომ ცხოვრება შეიძლება ისეთივე მშვენიერი იყოს სიცოცხლის უკანასკნელ წლებშიც როგორც დასაწყისში, ლაღ და უზრუნველ ბავშვობაში. მოქმედება ორივე დროში ხდება და წყვილის ახალგაზრდულ თუ უკვე ასაკში შესულ მანკიერ მხარესაც გვაცნობს.
პიესის ავტორს იმის თქმა სურს, რომ მთავარი ამ ცხოვრებაში მაინც ურთიერთგაგება და ერთად ყოფნაა. შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთის დამსახურებით მთავარი პერსონაჟები რთულ პროცესებს ერთად გადიან.
პრემიერას ესწრებოდნენ: ავსტრიის ელჩი საქართველოში რობერტ გერშნერი, რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი, რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე.
”დღევანდელი პიესა არის ერთ-ერთი თანამედროვე, მწერლის პეტერ ტურინის მიერ დაწერილი, რომელიც ითარგმნა მზია გარდავაძის მიერ ამ დღისთვის, ძალიან მოხარულები ვართ, რომ გვქონდა რუსთავში იმის შესაძლებლობა, რომ ასეთი ცნობილი და თანამედროვე ავსტრიელი მწერლის ბატონ ტურინის შემოქმედება გაეცნო საზოგადოებას, მსურს მივულოცო, რეჟისორს,მსახიობებს და ყველა იმ პირს, ვინც ჩართული იყო ამ სპექტაკლის გაცოცხლებაში”,- განაცხადა ელჩმა tv4-თან სპექტაკლის დასრულების შემდეგ.