25 ნოემბერს პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარედგინება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, მომავალ ორშაბათს, 25 ნოემბერს, პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარედგინება. ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“მომავალ ორშაბათს საქართველოს პარლამენტს წარედგინება მთავრობის შემადგენლობა, ნდობის გამოსაცხადებლად. აქედან გამომდინარე, მინდა ვთხოვო ყველა სამინისტროს, დავიწყოთ მუშაობა სამთავრობო პროგრამების საბოლოოდ დაზუსტებაზე.

ორშაბათს, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, ჩვენ უნდა წარვუდგინოთ ოთხწლიანი სამთავრობო პროგრამაც”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მიმართავს.

საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.

ცვლილების განხორციელების შედეგად, კულტურისა და სპორტის სამინისტროები ცალ-ცალკე იფუნქციონირებს.

კულტურის სამინისტროს – თინათინ რუხაძე, ხოლო სპორტის სამინისტროს შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს.