მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩი ტონგასთან გამართა. 2024 წლის დასკვნითი თამაში ქართველების, „ბორჯღალოსნების“, გამარჯვებით ანგარიშით 22:7 დასრულდა.
პირველი ტაიმი უქულოდ დასრულდა. ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში სანდრო თოდუას ლელოთი გაიხსნა, გარდასახვა კი ლუკა მატკავამ ზუსტად შეასრულა. მეორე ტაიმში მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა, 68-ე წუთზე კი ჯარიმა ლუკა მატკავამ გაიტანა. 71-ე წუთზე ლელო აკაკი ტაბუცაძემ დადო.
აღსანიშნავია, რომ ტონგასთან მატჩში სანაკრებო დებიუტი ჰქონდა მორაგბე გიორგი შველიძეს.
მატჩს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე ესწრებოდა.
საქართველოს ტონგას წინააღმდეგ 8 მატჩი აქვს გამართული, აქედან 6 კი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.