პოლონეთში ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე, სახელწოდებით „ვარშავის თასი“, წარმატებით იასპარეზა ქართულმა სპორტულმა წყვილმა – ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ. ორი პროგრამის შედეგად დაგროვებული 202,03 ქულით მათ ოქროს მედლები მოიპოვეს.
სპორტსმენებმა მოკლე პროგრამა 67,17 ქულით პირველ ადგილზე დაასრულეს. მონაწილეთა შორის საუკეთესო შედეგს მიაღწიეს თავისუფალ პროგრამაშიც – მათ მსაჯებისგან 134,86 ქულა დაიმსახურეს.
შეგახსენებთ, რომ ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა პირველი ქართველი სპორტული წყვილია, რომელმაც გრან-პრის სერიის ეტაპის ჩემპიონობა იზეიმა. მიმდინარე თვეს NHK Trophy-ზე სპორტსმენებმა ორი პროგრამის შედეგად დაგროვებული 213,05 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს.
აღსანიშნავია, რომ „ვარშავის თასზე“ ქართველი სპორტსმენები საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.