არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ დღეს საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა – პრეზიდენტი

არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ დღეს საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს დაესვა წერტილი იმ საკონსტიტუციო გადატრიალებას, რომელიც დაწყებულია უკვე რამდენიმე კვირა, თუ თვე. 

დღეს დაესვა წერტილი ევროპიდან რუსეთისკენ მსვლელობას. 

ყველას, ვისაც ჰქონდა ეჭვი, რომ შეიძლება არა, შეიძლება მაინც სხვა ახსნა არის, ყველა ეს ეჭვი გაიფანტა დღეს. 

დღეს გამოუცხადა ამ არარსებულმა, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ომი საკუთარ ხალხს, საკუთარ წარსულს და მომავალს. 

ამ გზაზე არ არსებობს არც საქართველოს სახელმწიფოებრიობა, არც მისი დამოუკიდებლობა და არც მისი მომავალი, გარდა რუსეთში…

მე დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და მათაც იგივე ვუთხარი. მათაც ვუთხარი, რომ ცოტა დააგვიანეს შეფასებები. ბევრ რაღაცას ელოდებოდნენ, რომ შეიძლება რაღაც არის კიდევ დასამტკიცებელი. არაფერი აღარ არის დასამტკიცებელი და ეს კიდევ ერთხელ ვუთხარი მათ. ყველაფერი დამტკიცებულია, ნათელია და თუ ვინმე ვერ ხედავს, რომ ყველაფერი ნათელია, ის მაინც, რომ პუტინმა რამდენიმე წუთში გამოთქვა თავისი კმაყოფილება ამ ყველაფრის მიმართ და ხელისუფლებას მორჩილება დაუფასა, ეს არის იმის მტკიცებულება, რაც ხდება.

მათ მივმართე და ვთხოვე, ახლავე მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც იყო ამდენ ხანს მისაღები და ჩვენ დაგვეხმარონ იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც არის ჩვენი, ხალხის და მთელი საზოგადოების მოთხოვნა – ახალი არჩევნების დანიშვნა და ჩატარება. ეს არის ჩვენი გამოსავალი და ეს არის რისთვისაც ვიბრძვით…

მინდა მივმართო ელჩებს, ერთხელ უკვე მოგმართეთ – დღეს რაღას აკეთებთ, სად ხართ, ვის ემსახურებით, რას ემსახურებით, ხო წარმოგიდგენიათ რა აბსურდში ცხოვრობთ. იფიქრეთ, რომელ ქვეყანას, რუსეთს გინდათ ემსახუროთ? ხვალ აქ რუსეთი იქნება, თუ ჩვენ ყველამ ჩვენს ადგილას არ ამოვიღეთ ხმა”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს 2028 წლამდე აჩერებს. ასევე, საქართველო უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა საგანგებო რეჟიმში შეხვედრა ჩანიშნა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, შემდეგ კი ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.